ვატყობდი, რომ ბავშვს რაღაც სჭირდა.... გარშემომყოფები მამშვიდებდნენ... ერთ დღეს მივხვდი, რომ ჩემს შვილს სუნთქვა არ შეუძლია – ნუცა ქავთარაძის გაფრთხილება დედებს

image
  • 349
loading...
 
ტელეწამყვანმა ნუცა ქავთარაძემ ახალბედა დედებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა დაავადებაზე ჩვილებში, რომელიც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

„როდესაც სანი დაიბადა, ძალიან ვღელავდი. სულ მეგონა, რომ რაღაც სჭირდა. არ მყავდა თანამოაზრეები. დედაჩემი, ჩემი მეუღლე, გარშემომყოფები მამშვიდებდნენ, რომ გამივლიდა. მე ვატყობდი, რომ ბავშვს რაღაც სჭირდა. მოვიარე არაერთი ექიმი. ის ექიმებიც მეუბნებოდნენ, რომ ეს უბრალოდ ჩემი განცდები იყო, სანამ ერთ მათგანს არ მივაგენი, რომელმაც მომისმინა და დამიჯერა. საუბარია პილოროსტენოზზე, რომელიც თავს იჩენს ჩვილებში სამ-ოთხ თვემდე.

სანის დაბადებიდან ორ კვირაში დაუდგინდა მწვავე რეფლუქსი. გამოცდილმა მშობლებმა იციან, რომ ეს არ არის სანერვიულო. მკურნალობაც კი არ სჭირდება და თავისით გაივლის. მეც სამი თვის მოლოდინში ვიყავი. სანის სხვა დაავადებისთვის გავრცელებული სიმპტომი არ ჰქონდა. როდესაც სანი იყო თვის და თხუთმეტი დღის მას დაემართა სპაზმი. ერთ დღეს მივხვდი, რომ ჩემს შვილს სუნთქვა არ შეუძლია, რომ ამოისუნთქოს, ის ვეღარ სუნთქავდა. ეს იყო შოკის მომგვრელი. ახლაც მიჭირს ამაზე გულგრილად საუბარი. ეს იყო ძალიან რთული. ესეც დაბრალდა იმას, რომ მას ჰქონდა რეფლუქსი. ეს სპაზმები ერთი კვირის განმავლობაში რვაჯერ განმეორდა. არ ვიცოდი, რა მექნა.

ამ დროს აღმოვაჩინე პედიატრი, რომელმაც მომისმინა. ახალბედა დედებს მინდა ვუთხრა, რომ როდესაც გაქვთ შეგრძნება, რომ თქვენს შვილს რაღაც აწუხებს, აუცილებლად ენდეთ თქვენს თავს და ნახეთ ადამიანი, რომელიც თქვენ გენდობათ, მოგისმენთ, მიგიყვანთ სწორ დიაგნოზამდე. აღმოვაჩინეთ, რომ სანის აქვს პილოროსტენოზი. საბოლოო ჯამში ყველაფერი ისე დასრულდა, რომ თვის და 21 დღის სანის ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სხვანაირად ეს დაავადება არ იკურნება. ის განსაკუთრებით ბიჭებშია ხშირი. პედიატრი თემურ მიქელაძე არის ის ადამიანი, რომელთაც ერთადაც აღმოვაჩინეთ ეს დაავადება“, - განაცხადა ნუცა ქავთარაძემ „იმედის დილაში“.
loading...