გვიცავს თუ არა წყალბადის ზეჟანგი გრიპისგან და შეიძლება თუ არა მისი დალევა

image
  • 2 515
გრიპის ვირუსის მასობრივ გავრცელებასთან და საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟთან ერთად მასობრივად ვრცელდება სხვადასხვა "ბუნებრივი საშუალება", რომლითაც თითქოსდა ე.წ. ღორის გრიპის დამარცხებაა შესაძლებელი. ერთ-ერთ ასეთ საშუალებად წყალბადის ზეჟანგი (ე.წ. პერეკისი) გამოცხადდა და სოციალურ ქსელში ბევრი აზიარებს პოსტებს, თუ როგორ გადაგარჩენთ "პერეკისის დალევა" ვირუსებისგან.
კომენტარისთვის ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიას მივმართეთ:

- გვიცავს თუ არა წყალბადის ზეჟანგი გრიპისგან და შეიძლება თუ არა მისი დალევა? ამაზე მოკლე და კონკრეტული პასუხია - არა! გარეგანი აპლიკაციისთვის განკუთვნილი პრეპარატის დალევა არ შეიძლება, სახიფათოა და ის ვერანაირი ვირუსისგან ვერ დაგვიცავს!

და თუ რატომ არა, შეგვიძლია განვიხილოთ ვრცლად:

ბოლო დროს, სამწუხაროდ, ვრცელდება არასწორი და პოტენციურად საშიში ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს წყალბადის ზეჟანგის მიღებით ან ცხვირში ჩაწვეთებით ჩვენ თავს დავიცავთ გრიპის ვირუსებისგან და მისი დალევა არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.

დავიწყოთ იმით, რომ ამ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს არ აქვთ არანაირი კომპეტენცია და სამედიცინო განათლება და არც რაიმე კონკრეტული სანდო წყარო, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება ავრცელებდნენ მსგავს ინფორმაციას. ერთადერთ "სარწმუნო წყაროდ" გვევლინება ვინმე "რუსი პროფესორი", რომელმაც თითქოს სადღაც რაღაც თქვა ამასთან დაკავშირებით. არანაირი კვლევა, არანაირი სამედიცინო რეკომენდაცია თუ იმის განმარტება, რა არის საერთოდ წყალბადის ზეჟანგი.

წყალბადის ზეჟანგი უფერო
უსუნო ხსნარია, არის ძლიერი ოქსიდანტი და აქვს მსუბუქი ანტისეპტიკური მოქმედება, არამდგრადი ნივთიერებაა და სხვადასხვა მოქმედებისას მალევე იშლება და გამოიყოფა ჟანგბადი. სხვადასხვა კონცენტრაციის მიხედვით გამოიყენება როგორც ინდუსტრიაში, ისე სადეზინფექციო ხსნარებში, ისევე სამედიცინო მიზნებისთვის. აქვს თავისი ჩვენებები, უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები.

სამედიცინო მიზნებისთვის ძირითადად გამოიყენება გარეგანი აპლიკაციისთვის, ინფიცირებული ჭრილობების დასამუშავებლად, პირში სავლებად პირის ღრუს ჰიგიენისთვის თუ ინფექციების დროს და ა.შ.

ჭრილობის დამუშავებისასაც კი, აქვს ჩვენება, თუ როდის და კონკრეტულად რა ტიპის ჭრილობისას იქნას გამოყენებული. მაგალითად, მისი რუტინული ხმარება ყველა ტიპის ჭრილობაზე არ არის რეკომენდებული, რადგან ოქსიდაციის გზით მან ჯანსაღი ქსოვილებიც შეიძლება დააზიანოს (ფერმენტ კატალაზასტან ურთერთქმედებით წყალბადის ზეჟანგი იშლება და გამოიყოფა ჟანგბადი) და შეანელოს შეხორცებითი პროცესი, ასევე არ გამოიყენება ღრუებში შესაყვანად და ა.შ.
შესაბამისად, რადგანაც წყალბადის ზეჟანგი მალევე იშლება/ორთქლდება, იმაზე საუბარი, რომ მისი ცხვირში ერთჯერადი (თუნდაც მრავალჯერადი) ჩაწვეთება დაგვიცავს ვირუსისგან, არის აბსურდი.

არ შეიძლება მისი პერორალური მიღება (დალევა), მისი მსუბუქი ანტისეპტიკური მოქმედება როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხდება გარეგანი აპლიკაციისას და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ასევე აქვს სისტემური ეფექტიც.

სხვადასხვა კონცენტრაციის წყალბადის ზეჟანგის შემთხვევით მიღებისას (დალევისას), მას არ ექნება არანაირი დადებითი ეფექტი ჯანმრთელობაზე. შესაძლოა განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა - ღებინება, გასტრიტი, შედარებით მაღალი კონცენტრაციის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ლორწოვანის დაზიანება, მაღალი კონცენტრაციის მიღებისას კი ისეთი სერიოზული დაზიანებები, როგორც არის საყლაპავი მილის დამწვრობა, ლორწოვანის დაზიანება და სიკვდილიც კი.

შესაბამისად ნუ ენდობით დეზინფორმაციას და სამედიცინო თემებზე გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია ყოველთვის გადაამოწმეთ, პირველ რიგში დააკვირდით ვინ ავრცელებს და მოითხოვეთ წყარო, რაზე დაყრდნობით ვრცელდება ესა თუ ის ინფორმაცია, გადაამოწმეთ წყაროს სანდოობა და შემდეგ კი კომპეტენტურ პირებთან გაიარეთ კონსულტაცია.
თუ სახლში გაქვთ წყალბადის ზეჟანგი, შეინახეთ ის მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, გამოყენებისთვის და გვერდითი მოვლენების დაწვრილებით გასაგებად გაეცანით ინსტრუქციას და მიმართეთ პროფესიონალებს.