"აქ ისეთი ტემპია მონობის, ვერც კი იაზრებ ვინ ხარ... ახალი წელია და ყველა გულში ვიკლავთ სათქმელს..." - ემიგრანტის ემოციური წერილი

image
  • 2 624
ახალგაზრდა ფერმერი ნოდარ ლატიბაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ძნელია ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ადამიანი გულგრილი დარჩე. ნოდარი უკვე რამდენიმე თვეა ამერიკაში ცხოვრობს. სამშობლოდან გადახვეწა ეკონომიურმა პრობლემებმა აიძულა. საქართველოში მისი მეურნეობა ძალიან მრავალფეროვანი იყო. აქვს ვენახი, მოჰყავდა ძველი ქართული ჯიშის ხორბალი - წითელი დოლი. გააშენა თხილი და მოიყვანა შვრია. რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი მოჰყავდა, არ იყენებდა შხამ-ქიმიკატებს. საგარეჯოში ნამჯის სახლი ააშენა, რომელიც სამომავლოდ აგროტურიზმისთვის არის განკუთვნილი. ნოდარი თავის მოყვანილ უნიკალურ, ეკოლოგიურად სუფთა ხორბალს ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ჩუქნიდა.

ამ ყველაფრის მუხედავად, დღეს ახალგაზრდა ფერმერი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. სურს დანაზოგი გააკეთოს, რითიც საქართველოში მარანს ააშენებს. ნოდარი აპრილში მესამე შვილს ელოდება. ოცნებობს შვილის დაბადებას საქართველოში შეხვდეს.
loading...
>"ვწევარ და ვერ ვიძინებ.
გვერდზე ოთახიდან ხმა მესმის ქალბატონის....
ბავშვების ხმა ფარავს...
მამას ეტლიკინებიან.
ახალი წელია და ყველა გულში ვიკლავთ სათქმელს...
ცრემლები ჩამომდის...
მერე კაცის ხმა ისმის...
მამასთან რეკავს სკაიპით...
და ვგრძნობ, როგორ მანგრევს თუშური დიალექტის აქცენტი. ნახევრად თუში ვარ მეც.
პირველად რამაც გამაოცა ამ ქვეყანაში: ხელებზე დავიხედე და გამიკვირდა, ასე უცებ ფრჩხილები რამ გამიზარდა-თქო. რომ დავფიქრდი, ორი კვირა იყო გასული
რაც ჩამოვედი. აქ ისეთი ტემპია მონობის, რომ ვერც კი იაზრებ ვინ ხარ... და ფრჩხილებიც იზრდება.
შემდეგი გაოცება იყო: მუშაობის შემდეგ ტანზე რომ დავიხედე, ქურთუკი სველი მქონდა გარედან. არადა არ წვიმდა. ვერც მივხვდი, ისე გამოჟონა ოფლმა ქურთუკიდან.
შემდეგ შხაპის ქვეშ დგომა....
კი არ ბანაობ... უბრალოდ ცდილობ ძვლები გაითბო.
მახსოვს პირველ სამუშაო დღეს -12 საათი იყო.
დამამშვიდეს ჯერ სად ხარ 22–ზე ავაო.
მე გამიმართლა კარგ ხალხში მოვხვდი. ისეთებთან, რომ ოცნებობენ, მაგრამ არ სჯერათ, რომ ოდესღაც დაბრუნდებიან...
და დროც გარბის.
სამუშაოს დროს როცა შესვენება გვაქვს, ცალი ხელით ვჭამთ და ცალი ხელით სამშობლოში ვრეკავთ, რომ როგორმე მოვიკლათ განცდა, თითქოს არ მოვწყდით და არ დავაგდეთ უსუსური ბავშვები "დამპალ ქვეყანაში"....
ათასი გიჟური სიმღერა და ისტორიული ლექსი მოვისმინე გაბრწყინებულ იბერიაზე....
ვცდილობ, როგორმე არ ჩამითრიოს ძვირფასმა მონობამ და ჩემი მესამე შვილის დაბადებას მოვესწრო ჩემს ქვეყანაში“, - წერს ნოდარი.

loading...