"ვინმეს სიკვდილს ვნატრობდი, რომ საჭმელი მეჭამა" - მარტოხელა დედამ შვილები სახელმწიფოს გადასცა

image
  • 6 685
წყალტუბოში, სოფელ ოფშკვითში მცხოვრები გურანდა თათეიშვილი მარტოხელა დედაა. იმის გამო, რომ ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, 27 წლის მარტოხელა დედამ სამი შვილი აღსაზრდელად სახელმწიფოს გადასცა. გურანდა თათეიშვილი ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ერთი წლის შვილი მშიერი ჰყავს. სახლს, რომელიც ნახევრად დანგრეულია, არც გათბობის საშუალება გააჩნია, ამიტომ, დედასაც და პატარა დაჩისაც დაძინება სიცივეში უწევთ.
„წალკაში ვიყავი გათხოვილი, თუმცა წამოვედი, რადგან ჩემი ქმარი მეც და ჩემს შვილებსაც გვცემდა. აქ წამოვედი, მაგრამ არ ვიცი აქაც რა ვქნა. ერთი სკამი გვაქვს სახლში, რომელზეც მორიგეობით ვჯდებით. 6 სული ვართ ოჯახში. ჩვენი შემოსავალი სოციალური შემწეობა, 300 ლარია. ხშირად მშვირები ვართ. მამაჩემი ცხრა წელია საწოლსაა მიჯაჭვული. იმის გამო, რომ საჭმელი არ გვაქვს, ჩემი სამი შვილი მინდობით აღზრდაში მყავს გადაცემული. ბავშვები აქ როგორ გავზარდო, როცა საწოლზე ლეიბის ნაცვლად პალტოს ვიფარებ.

ვინმეს სიკვდილს ვნატრობდი, რომ საჭმელი მეჭამა. ბავშვის გამო ვერ ვმუშაობ. ყველას ვთხოვ დახმარებას, ვისაც ადამიანის გასაჭირის გულთან მიტანა შეუძლია. ჩემი უფროსი შვილი მეუნება: წავალ, ჯართს შევაგროვებ და დაგეხმარებიო,“ - ამბობს გურანდა თათეიშვილი.  

თათეიშვილების ოჯახის მძიმე მდგომარეობას იცნობენ წყალტუბოს მერიის სოციალურ სამსახურში. სამსახურის უფროსი მაროხელა დედას, რომელიც ასევე ძალადობის მსხვერპლია, ქირით გაყვანას სთავაზობს.