„განაჩენის გამოცხადების დროს გონება დაკარგა“ - მოზარდს, რომელმაც ლისის ტბაზე წლინახევრის ბავშვი იმსხვერპლა 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

image
  • 13 124
18 წლის გოგოს, რომელმაც 27 ნოემბერს ლისის ტბასთან ავტომობილის დაჯახების შედეგად წლინახევრის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

განაჩენის გამოცხადების დროს ბრალდებულმა მოზარდმა გონება დაკარგა. ახლობლების თქმით, ის მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესშია.

საბოლოოდ სასამართლომ მ.ჯ დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისიწნებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. მოსამართლემ მ.ჯ-ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში მ.ჯ არასრულწლოვანი გახლდათ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად სასჯელის ვადა ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 3-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა.
შემზარავი ტრაგედია ლისის ტბასთან გასული წლის 27 ნოემბერს მოხდა. მამა სამ მცირეწლოვან შვილებს ლისის ტბის ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ პერიმეტრზე ასეირნებდა, რა დროსაც იქ დიდი სისწრაფით  ML-ს ჯიპი შევარდა და პირდაპირ წლინახევრის ბავშვს დაეჯახა. გოგონა უმძიმესი დაზიანებებით ადგილზევე გარდაიცვალა.

აღმოჩნდა, რომ საჭეს 17 წლის მ.ჯ მართავდა, რომელსაც შეყვარებული ლისის ტბის ტერიტორიაზე ახალი ავტომობილით მართვას ასწავლიდა, თუმცა არცერთი მათგანი მართვის მოწმობას არ ფლობდა.