"საქართველოში დასმული დიაგნოზი რომ ნახეს, გაოგნდნენ ექიმები" - "სიმსივნიან" პაციენტს მისი კვალი ვერსად უპოვეს

image
  • 2 890
27 წლის გიორგი ბიბოხიძეს რამდენიმე თვის წინ საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნე დუდგინდა, გაუკეთდა ოპერაცია და ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის კურსი. ამის შემდეგ ოჯახმა გიორგი საფრანგეთში გამოკვლევების ჩასატარებლად წაიყვანა, სადაც გამოკვლევებმა სიმსივნის კვალიც კი არ აჩვენა.

ამის შესახებ მშობლები.ჯი-ს გიორგის მეუღლე, თათია ყურაშვილი ესაუბრა:

- ჩემი მეუღლე იმყოფებოდა ავღანეთში. იქიდან დაბრუნებულს მარცხენა სათესლე ჯირკვალი შეუსივდა და მივედით ექიმთან. დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე. წარმოიდგინეთ რამხელა შოკი იყო ეს ჩვენთვის. ჩაუტარდა ოპერაცია. დაწყებულმა გამოკვლევებმა აჩვენა 2.5 სმ-ის სიმსივნე. ამის შემდეგ გაუკეთეს ქიმიები, რაც მოგეხსენებათ, ადვილი არ არის.

- ქიმიოთერაპიის დროს როგორ გრძნობდა თავს?

- ძალიან ცუდად. დაიწყო შესიება, დასუსტდა ფიზიკურად, დაეწყო თმის ცვენა. ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გადატანა.

ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ ისევ გაიკეთა ტომოგრაფია, რის შედეგადაც გვითხრეს, რომ დარჩა 1.4 სმ-ის სიგრძის სიმსივნე. ისევ დაუნიშნეს განმეორებითი ქიმიის კურსი. უსახსრობის გამო ეს კურსი ვერ ჩავიტარეთ.
ამის შემდეგ გავიდა ექვსი თვე, ჩემი მეუღლე ამ პერიოდში არ მკურნალობდა. გვინდოდა მისი საზღვარგარეთ წაყვანა გამოკვლევებზე. ,,დედების ფონდის" და ოჯახის ახლობლების დახმარებით შეგვიგროვდა გარკვეული თანხა. ეს თანხმა მხოლოდ ბილეთის საყიდლად გვეყო და წავედით საფრანგეთში.

საფრანგეთში გავუკეთეთ ტომოგრაფია, სხვადასხვა სახის გამოკვლევა, ეხო, მაგრამ აქ გვეუბნებიან, სიმსივნის კვალიც არ აქვსო. საქართველოში დასმული დიაგნოზი რომ ნახეს, გაოგნდნენ ექიმები.

როცა საფრანგეთში ჩამოვედით, გამოკვლევების შემდეგ გვითხრეს, რომ თირკმელზე და ფილტვზე ჰქონდა პრობლემა. უკვე საბოლოო დასკვნა გვაქვს ხელთ, რომლის მიხედვითაც, გიორგი მკურნალობას არ საჭიროებს. საქართველოში მის ექიმს დავუკვავშირდით, მაგრამ ჩვენთვის გაუგებარ პასუხებს გვცემს ამასთან დაკავშირებით. თუმცა ჩემთვის მთავარი მაინც ის არის, რომ ჩემს ქმარს სიმსივნე არ აღმოაჩნდა.