„3 წლის კატოს ორგანიზმმა ვერ გაუძლო შვიდ ქიმიას“, - ამბავი გოგონაზე, რომელიც ესპანეთში მესის პატრონაჟის ქვეშ აღმოჩნდა

image
  • 5 007
„3 წლის კატო დეკემბრის თვეში ცისტიტის დიაგნოზით იწვა ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში. ექიმმა სამი თვის მანძილზე დაუნიშნა ანტიბიოტიკი „სპერექსი“ 3 თვე!!! თებერვლის ბოლოს ბავშვს დაუდგინდა ლიმფური ჯირკვლების სიმსივნე.“ - სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს. საქმე ეხება 3 წლის გოგონას და საქართველოში მის არასწორ მკურნალობით გამოწვეულ სავალალო შედეგს. „პრაიმტაიმი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დიაგნოზის დასმისთანავე ბავშვი ოჯახმა ბარსელონაში გადააფრინა.

ესპანელი ექიმები ჯერ იმით გაოგნებულან, რომ ამდენი ხანი, 3 თვე, 3 წლის ბავშვს დაუნიშნეს ანტიბიოტიკი, თანაც ცისტიტის გამო. ამასთანავე, ექიმს მკურნალობის პარალელურად არ დაუნიშნავს არც იმუნიტეტის ასამაღლებელი და არც სხვა დამხმარე მედიკამენტი. არანაკლებ გამაოგნებელი ისაა, რომ ამ მედიკამენტს, რომელიც ავერსის წარმოებულია, ქართულ ანოტაციაში არ უწერია, რომ ხანგრძლივად მიღება იწვევს ლიმფური ჯირკვლების გადაგვარებას. იქაურმა ექიმებმა ისიც თქვეს, რომ სადაც ცისტიტი იყო, იქ ლიმფური ჯირკვლებიც იქნებოდა გაციებული და მკურნალობის პარალელურად ლიმფური სისტემა უნდა ეკონტროლებინათო. ამხელა ხანგრძლივობით ანტიბიოტიკმა კი გამოიწვია სავალალო შედეგი. ეს საქართველოა! კლინიკა - ციციშვილი. მკურნალი ექიმი - თამარ აბულაძე. პაციენტი 3 წლის კატოა, რომლის ორგანიზმმაც ვერ გაუძლო შვიდ ქიმიას და სოკო მოედო მთელს სხეულს. ექიმები ახლა იბრძვიან, რომ ძვლის ტვინამდე არ მივიდეს მეტასტაზები. სიმსივნე მთელს რბილ ორგანოებზეა გადასული, ბავშვი არაადამიანურ ტანჯვას უძლებს და მორფით უყუჩებენ ტკივილებს. რამენაირად უნდა დაამარცხონ სოკო, რომ ქიმიის გაგრძელება შეძლონ. ოჯახი კატოს გადასარჩენად მხოლოდ ლოცვით დახმარებას ითხოვს. ღვთის მადლით კატო ფეხზე დადგება და მისი გამწარებული მშობლები აუცილებლად პასუხს აგებინებენ ქართველ ვაი ექიმებს. ჩვენ რა ვქნათ, ვინც ექიმები არ ვართ?“
loading...
„პრაიმტაიმი“ ბავშვის მამას ვალერი ლიპარტელიანს დაუკავშირდა, რომელმაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია დაგვიტდასტურა და მისი შვილის მკურნალ ექიმს, თეთრი ხალათის გახდა ურჩია.

ვალერი ლიპარტელიანი: „კატოს მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს... ბავშვის მდგომარეობა რთულია უტარდება მკურნალობა. იმედს გვაძლევენ, უფლის წყალობით იმედია ყველაფერი კარგად იქნება. რაც შეეხება საქართველოში ჩატარებულ მკურნალობას, არ იყო სწორი. ანტიბიოტიკი რომელსაც სამი თვის განმავლობაში აძლევდნენ ბავშვს, გამოიწვია იმუნიტეტის დაქვეითება. ეს ანტიბიოტიკი კიდევ 2 წელი უნდა მიეღო ბავშვს.რა თქმა უნდა არასწორი მკურნალობის ბრალია ეს ყველაფერი. შემიძლია მოგაწოდოთ ყველაფერი დასაბუთებულად. იმ ექიმს, რომელიც კატოს მკურნალობდა, ალბათ ჯობია გაიხადოს თეთრი ხალათი და მშვიდობიანად დაასრულოს თავისი მრავალწლიანი კარიერა. სამწუხაროა, მაგრამ ექიმები ბევრ შეცდომას უშვებენ... პატივს ვცემ ექიმებს, მათ პროფესიას, ქედს ვიხრი მათ წინაშე. ყველას არ ვეხები, მაგრამ ასეთი უვიცების და მკვლელების წინააღმდეგ გაჩუმებას არ ვაპირებ.“

ციციშვილის კლინიკის ექიმი თამარ აბულაძე ლიპარტელიანების ბრალდებას ეხმაურება. როგორც მან „პრაიმტაიმთან“ საუბარში განაცხადა პაციენტს საერთაშორისო ასოციაცების მიერ მოწოდებული გაიდლაინით მკუნალობდნენ და დაავადება, რის გამოც პაციენტი ესპანეთში მკურნალობს, არის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული და მისი პირველადი დიაგნოზი სწორედ ციციშვილის კლინიკაში დაისვა.

თამარ აბულაძე: „სამწუხაროა  რომ ექიმის დადანაშაულება ხდება, არასამედიცინო კომპეტენციის პირების მიერ. მსგავსი ტიპის ინფორმაციები  სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება და ახდენს მედიცინაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანების მღელვარებას. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშორებით, არ არსებობს არანაირი სამედიცინო მტკიცებულება იმისა, რომ პრეპარატს „პერექს“, რომელიც ანტიბიოტიკია, გამოეწვია  ლიმფური სისტემის სიმსივნე. ასეთ დასკვნას მსოფლიოს ვერც ერთი კლინიკა ვერ გასცემს, მსგავსი ტიპის ინფორმაციების გავრცელებისას კარგი იქნება, თუ  გამოვიყენებთ  ესპანური კლინიკის დასკვნას სიმსივნის გამოწვევის მიზეზზე, სადაც დეტალურად იქნება განმარტებული სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ სააგენტოებზე გავრცელებული ინფორმაციის შინაარსი. უმნიშვნელოვანესია რომ მსგავსი შინაარსის განცხადებებს ამყარებდეს სამედიცინო მტკიცებულებები. ჩვენ ამ კონკრეტული პაციენტის მკურნალობისას ვმოქმედებდით ყველა სამედიცინო სტანდარტის დაცვით.  კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მსოფლიოში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ პრეპარატ სპერექსით მკურნალობის მეთოდს, რომელიც ნეფროლოგთა და  უროლოგთა საერთაშორისო ასოციაცების მიერ მოწოდებული გაიდლაინია, ოდესმე ლიმფომას გამოეწვიოს, თუნდაც 0,0000 1%-ში. დადავადება  რის გამოც პაციენტი ესპანეთში მკურნალობს არის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული და მისი პირველადი დიაგნოზი სწორედ ჩვენს კლინიკაში დაისვა. “

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბავშვი ამჟამად იმ ჰოსპიტალში მკურნალობს, რომელსაც ფეხბურთელი ლიონელ მესი აფინანსებს.

loading...