“არ მოელით, მაგრამ მიშა, ვარდით ხელში მაინც მოვა” – ვინ არის ქალი, რომელმაც “ოცნება” მოსყიდვაში დაადანაშაულა (ვიდეო)

image
  • 243
ქალი, რომელიც “ოცნების” მხრიდან მოსყიდვაზე საუბრობდა, როგორც ჩანს, “ნაციონალური მოძრაობის” ღია მხარდამჭერია. ბოლო 2 დღის განმავლობაში ის გაერთიანებული ოპოზიციის მიერ სამეგრელოში დაგეგმილ ყველა აქციასა და შეხვედრას დაესწრო. მათ შორის, განმუხურში, სანდრა რულოვსის მხარდამჭერ შეკრებაზეც მივიდა, სადაც “კვირამ” მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
მარიკა ქარდავამ უარყო, რომ ენმ-ს კოორდინატორი ან მხარდამჭერია, თუმცა, ვერ ახსნა, რატომ დადის ოპოზიციის ყველა შეხვედრაზე, ან რატომ აქვეყნებს საკუთარ ფეისბუქგვერდზე რულოვსის მხარდამჭერ სტატუსებს. ან რატომ ვერ ასახელებს ადამიანს, რომელმაც მისი მოსყიდვა სცადა, ან რატომ უჭირს იმ ადამიანის დასახელება, რომელიც, მისი აზრით, უთვალთვალებს.
რეალურად, ვინ არის ქალი, რომელიც ცხელ საარჩევნო კამპანიაში, ლამის, ენმ-ს “გმირი” გახდა და როგორია მისი მონათხრობის ქრონოლოგია.
13 მაისი –  მარიკა ქარდავა მედიას ინტერვიუს აძლევს და ყვება, რომ სახლში უცნობმა პირმა მიაკითხა და ასე პირდაპირ, უცხო ადამიანმა ხმის მიცემის სანაცვლოდ ფული შესთავაზა.

“ჩვენთან იყო მოსული “ოცნების” წარმომადგენელი და ხმის მიცემის სანაცვლოდ დამპირდნენ, რომ დევნილის ბარათებზე, 150 ლარს დამირიცხავდნენ. ასევე პირადობის მოწმობას მთხოვდნენ. ფულს იმ შემთხვევაში მომცემდნენ, თუკი 41 ნომერს შემოვხაზავდი. მაგ ფულს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მილიონი რომც ჩამირიცხონ, მე ქალბატონი სანდრას მომხრე ვარ და ეს სულ ასე იქნება”, -ამბობს ქარდავა.
აღსანიშნავია, რომ ამ საუბარს მოწმეები არ ჰყოლია. კითხვაზე, რატომ არის დარწმუნებული, რომ მასთან მისული უცხო პირი, “ოცნების” წარმომადგენელია, ქარდავა გვპასუხობს, რომ სახეზე იცნო, რადგან ეს ადამიანი, გეგა შენგელიას საარჩევნო შტაბთან ორჯერ ჰყავს შემჩნეული, როდესაც ბავშვებს ასეირნებდა. ის ამბობს, რომ მამაკაცის ვინაობა არ იცის.

14 მაისი – მარიკა ქარდავა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციას დაესწრო, თუმცა ჟურნალისტების დანახვისთანავე ტაქსიში ჩაჯდა და აქცია სასწრაფოდ დატოვა. “კვირამ” მისი ფოტოს გადაღება მაინც მოახერხა.
15 მაისი – ქარდავამ “ოცნებას” მორიგი ბრალდება წაუყენა და ის უკვე უკანონო თვალთვალში დაადანაშაულა.
“შევნიშნე, ერთი და იგივე პიროვნება ჩვენს ქუჩაზე. ხუთჯერ გავედი და ხუთივეჯერ იჯდა სიცხეში…რა თქმა უნდა, საეჭვოდ მომეჩვენა. ყოველ წუთს ურეკავდა ტელეფონი და რომ პასუხობდა, ეუბნებოდა: “ერთი წუთი არ მცალია, დაგირეკავო. ეს თვალთვალია, მეტი რა უნდა იყოს, აბა… დარწმუნებული ვარ ამაში…მე ამ მამაკაცს ვიდეოც გადავუღე”, – ამბობს ქარდავა. თუმცა, სატელეფონო ჩანაწერი მან მხოლოდ ერთადერთ არხს – “რუსთავი2”-ს გადასცა და ამავე დღეს, ყველა მედიასაშუალებას, ვინც მისი ჩაწერა მოისურვა, ინტერვიუ მხოლოდ ამ არხის თანდასწრებით მისცა. ქარდავამ “კვირას” ჩანაწერი მხოლოდ ტელეფონში ანახა. ამბობს, რომ კადრებში მამაკაცი ჩანს, ვინც მას უთვალთვალებდა. თუმცა, ჩანაწერში ჩვენ მხოლოდ უცხო ადამიანის კიდურები დავინახეთ და მისი ხმა მოვისმინეთ, გაურკვეველი ტექსტით – “ტექდათვალიერებას გადის ჩემი მანქანა” – ეს, როგორც ჩანს, თვალთვალთან დაკავშირებით, მარიკა ქარდავას ერთადერთი და მთავარი მტკიცებულებაა.
loading...
ქარდავას განცხადების საფუძველზე პროკურატურამ საქმე აღძრა და ის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე დაკითხეს.

16 მაისი – მარიკა ქარდავა განმუხურში, გაერთიანებული ოპოზიციის შეკრებას დაესწრო და “კვირასთან” ინტერვიუში, ამჯერად უარყო, რომ სანდრა რულოვსის მხარდამჭერია.

“მერე რა, რომ აქ ვარ, შეიძლება 41 შემოვხაზო”, – ამბობს ის.

ამომრჩევლების მოსყიდვის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი “მტკიცებულება” და მოწმე ქალბატონი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, 4 მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობს. ის აფხაზეთიდან დევნილია. სოციალურ ქსელში მას პროფილის ფოტოდ 5 ნომერი აქვს დაყენებული, ხოლო გარეკანზე – სააკაშვილის პატივსაცემი შემდეგი შინაარსის ლექსი აქვს გამოქვეყნებული:

“კარზე მოდგა შემოდგომა,
დაიწყება მთაში თოვა,
არ მოელით მაგრამ, მიშა
ვარდით ხელში მაინც მოვა”.

loading...