3 ნიშანი იმისა, რომ თქვენი მეგობარი ზურგს უკან გჭორავთ

image
  • 714
"ნუ იდარდებთ ადამიანებზე, რომლებიც თქვენს ზურგს უკან საუბრობენ, ისინი თქვენს ზურგს უკან დამსახურებულად არიან"

როდესაც ოთახში შევდივართ და ადამიანები უხერხულად ჩუმდებიან, ან გავივლით და სიცილს ტეხენ, საშინელი გრძნობა გვეუფლება. რა თქვეს? ეგებ მომეჩვენა? ეგებ მხოლოდ ჩემი ეჭვებია? შეიძლება მართლა გეჩვენებოდეთ, თუმცა აუტანელია. სამწუხაროდ, ამაზე უფრო საშინელი გრძნობაც არსებობს - იმის გააზრება, რომ შენივე მეგობრები ჭორაობენ შენ შესახებ ზურგს უკან. როდესაც ვინმე გვიყვარს, ვინმეს ვემეგობრებით, მას ვენდობით და ჩვენივე გრძნობებით შეფერილი ლინზებით ვხედავთ. შეიძლება შესანიშნავი ინტუიცია გვქონდეს, მაგრამ სწორედ ამ ლინზის წყალობით, მეგობრების გაშიფრვა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე უცხო ადამიანებისა. თანაც, სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი საკუთარი თავიდან გამომდინარე ვსაზღვრავთ.

არ არსებობს ცუდ მეგობარზე დიდი მტერი, ვერავინ დაგიშავებს იმდენს, რამდენსაც ადამიანი, ვისაც ენდობი და ვისაც შენს ყველაზე დიდ საიდუმლოებებს ანდობ. შესაძლოა, არც არაფერი გქონდეთ დასამალი, მაგრამ ნებისმიერი ამბის, ისტორიის გარკვეული ინტერპრეტაციებით მოყოლაცაა შესაძლებელი და იმ ადამიანს, ვისაც თქვენზე ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს, შეუძლია სრულიად წაუხდინოს თქვენზე შთაბეჭდილება იმ ადამიანებს, ვინც კარგად არ გიცნობთ.

პრობლემები ნებისმიერ ურთიერთობაში არსებობს, მაგრამ მეგობრობაც სწორედ ისაა, მეგობარმა პირდაპირ გითხრათ თუ მიაჩნია, რომ არასწორად მოიქეცით, შეგეშალათ. თუ რამე გასარკვევია, მეგობრებშივე უნდა გაირკვეს, ერთმანეთს ახსნის, თავის მართლების საშუალება უნდა მისცენ. თუმცა, სამწუხაროდ, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამის ნაცვლად, თქვენ შესახებ ათასგვარი სისაძაგლის სალაპარაკოდ თქვენივე ნაცნობებთან გარბიან, ან ისეთ ორაზროვან სტატუსებს წერენ სოციალურ ქსელში, თქვენ გარდა ყველა რომ ხვდება, რაშია საქმე.

ღირსეული ადამიანები ასე არ იქცევიან და უღირსები ჩვენთან ურიერთობაშივე ავლენენ საკუთარ თავს, უბრალოდ ჩვენ ისე ვართ დაბრმავებული ზემოთხსენებული ლინზით, ამას ვერ ვამჩნევთ. ამბობენ, ადამიანები კი არ იცვლებიან, ადამიანები მჟღავნდებიანო, ჰოდა, სამ ყველაზე უტყუარ ნიშანს გთავაზობთ, რომლითაც შეგიძლიათ მიხვდეთ, ლაპარაკობს თუ არა თქვენ შესახებ თქვენი მეგობარი ზურგს უკან:

1. იგი ლაპარაკობს თქვენთან მისი მეგობრების შესახებ, განიხილავს მათ ცხოვრებას, აკრიტიკებს მათ, ეგებ ლანძღავს კიდეც და თან ამ დროს ხედავთ, რომ ამ მეგობრებთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს. ერთი ასეთი გამოთქმა არსებობს: მიყვარს შენთან ჭორაობა, ამ დროს დარწმუნებული ვარ, რომ სხვასთან არ მჭორავო. ზუსტად ეს არის - ადამიანს, რომელსაც შეუძლია თქვენთან მიწასთან გაასწოროს თავისი მეგობარი და თანაც ამ მეგობართან ურთიერთობა არ ჰქონდეს დასრულებული, შეგიძლიათ 100 პროცენტით დარწმუნებული იყოთ, თქვენთან დაკავშირებითაც იმავეს აკეთებს. დროა ვარდისფერი სათვალეები მოიხსნათ. თქვენ ხომ გგონიათ, ის ადამიანები ცდებიან მასთან? სხვა ადამიანებსაც ჰგონიათ თქვენ ცდებით მასთან.
loading...
2. სხვა ადამიანებმა იციან ისეთი ფაქტები თქვენი ცხოვრებიდან, რომლის შესახებაც თქვენ ამ ადამიანებთან არ გისაუბრიათ, უფრო მეტიც, თქვენ ამის შესახებ მხოლოდ თქვენს უახლოეს მეგობარს მოუყევით. ძალიან მარტივია, ის დადის და თქვენს ცხოვრებას სხვებთან განიხილავს და თან რა კონტექსტში, კაცმა არ იცის. ამის პატიება (რა თქმა უნდა, გარეგნულ ფორმებს ვგულისხმობთ, თორემ შინაგანად ყველას ყველაფერი უნდა აპატიოთ, თუ გინდათ გათავისუფლდეთ) არ შეიძლება. ხანდახან გვგონია, რომ ეს ერთჯერადი შეცდომაა, ეგებ წამოსცდა, ეგებ.. ეგებ… "once a cheater, always a cheater"... ამბობენ, რომ მეორე შანსი ყველას უნდა მისცე, მაგრამ "ერთხელ მიღალატე? სირცხვილი შენ! მეორეჯერ მიღალატე? სირცხვილი მე!"

3. ჩუმდება, როდესაც თქვენ ოთახში შედიხართ, ან საუბრის თემას ცვლის. ამ ნიშნის გამო პარანოია ნუ დაგეწყებათ, შეიძლება ის იმ ადამიანთან ისეთ თემაზე საუბრობდეს, რომელიც მხოლოდ მათ ეხებათ, მაგრამ მთლად თვალსაც ნუ დახუჭავთ. ყურადღებით იყავით, თუკი ბევრჯერ მოხდა ასეთი რამ. თუ ამ საგნის შეცვლას ან უხერხულ სიჩუმეს დაძაბულობაც ახლავს, ლინზები უნდა მოიხსნათ და თქვენს ურთიერთობას გადახედოთ. რა თქმა უნდა, მეგობრების შესახებ ყველანი ვსაუბრობთ ცოტ-ცოტას, ერთმანეთის პრობლემებსაც განვიხილავთ, მაგრამ ვისთან განვიხილავთ და რა ფორმით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუკი ის მხოლოდ ბოღმას ანთხევს, გულს იფხანს თქვენი კრიტიკით, დაგცინით და თქვენი რეპუტაციის შელახვას ცდილობს უცხო თუ თქვენთვის საყვარელი ადამიანების თვალში, ეს ურთიერთობა მომწამვლელია და თავს ნუ დაიავადებთ.

მიუხედავად ყველაფრისა, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ, ჯერ ყველაფერი კარგად გადაამოწმეთ, სანამ რაიმეს ჩაიდენდეთ ისეთს, რაც შეიძლება ინანოთ. ყველაფერი კარგად გაარკვიეთ, დააკვირდით, შეამოწმეთ, მასაც მიეცით ახსნის საშუალება, ოღონდაც ისე, რომ თქვენი წყაროები უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდოთ და დარწმუნდით.

ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ის ყალბ მეგობრებზე და ნეგატივზე დახარჯოთ. ყველაზე ადეკვატური საქციელი ურთიერთობის დასრულება იქნება. პატარა ბზარი შეიძლება აიტანოთ, მაგრამ ეს ბზარი ნელ-ნელა გაიზრდება და მთელი მეგობრობა თავზე ისე დაგემხობათ, შეიძლება ვერც გაიგოთ. თუ ისე ძალიან გიყვართ, რომ მის გარეშე ვერ ძლებთ და დასაკარგად არ გემეტებათ, ენას კბილი დააჭირეთ და დისტანცია შეინარჩუნეთ, თუმცა საინტერესოა, რად გინდათ ასეთი ადამიანი მეგობრად?

ამქვეყნად ბევრი ძალიან კარგი ადამიანი არსებობს, მთავარია ტრავმების გამო პარანოია არ დაგვემართოს და შემდეგ ყველგან ღალატი და ჭორები არ მოგველანდოს. თავი ხელში აიყვანეთ და ერთი შემთხვევის გამო, ადამიანებზე წარმოდგენა ნუ დაგეკარგებათ.

loading...