შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები - დანაშაულის იარაღზე ბრალდებულის დნმ არ აღმოჩნდა?!

image
  • 3 789
„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება 3 მაისს ყანდაურაში მომხადრი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები. ჩვენი ინფორმაციით, დანაშაულის იარაღზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის დნმ არ აღმოჩნდა.

შესაბამისი ექსპერტიზის შედეგები მხარეებს უკვე გადაეცათ. ექსპერტიზის დასკვნით, იარაღზე, რომლითაც ოთხი ადამიანი ადგილზე მოკლეს, მეხუთე კი მიყენებული ჭრილობებით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, სხვა პირის დნმ ფიქსირდება.

თავდაპირველად, სოფელ ყანდაურაში მკვლელობის ბრალდებით, 85 წლის ომარ გამყრელიძე დააკავეს. მას ბრალი შვილის, რძლისა და ორი მეზობლის მკვლელობაში წარუდგინეს. შემთხვევის დროს თავის არეში ასევე მძიმედ დაიჭრა ომარ გამყრელიძის მეუღლე, 76 წლის ელზა გამყრელიძე, რომელიც ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

ომარ გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით გაცხადდა, რომ ომარ გამყრელიძის მეორე შვილზე პოლიციამ ძებნა გამოაცხადა, ხოლო შვილიშვილი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.

 ინფორმაციას, რომ დანაშაულის იარაღზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის დნმ არ დაფიქსირდა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას არ უარყოფს ომარ გამყრელიძის ყოფილი ადვოკატი ირინა იჩუკაიძე, თუმცა განმარტავს, რომ ბრალდებულმა მის მიმართ აცილება მოითხოვა, შესაბამისად არსებული მასალები მთლიანად ახალ ადვოკატს გადასცა.

„მას უკვე ჰყავს ახლობლების მიერ აყვანილი ადვოკატი და მთელი მასალები მას გადავეცი, თავიდანვე უარი თქვა ჩემზე, როგორც სახაზინო ადვოკატზე. ამბობდა, რომ ქალთან ურთიერთობა არ სურს და ურჩევნია მამაკაცი ადვოკატი ჰყავდეს, თანაც კერძო და არა სახაზინო. ექსპერტიზის პასუხები მე არ გამიცნია ბრალდებულისთვის, ახალი ადვოკატი გადასცემდა ინფორმაციას“, - ამბობს ირინა იჩუკაიძე.

„პრაიმტაიმის“ კითხვას - თუ ექსპერტიზის შედეგად იარაღზე ომარ გამყრელიძის დნმ არ აღმოჩნდა, მაშინ ვისი დნმ შეიძლება ყოფილიყო? - ადვოკატი პასუხობს:

„არ ვიცი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე აღარ ვრ მისი ადვოკატი. ბრალდებულმა თავიდანვე თქვა, რომ ქალთან ვერ ვისაუბრებ ისე, როგორც მე მინდაო, მაგრამ ვახორციელებდი სავალდებულო დაცვას. ახლა ახლობლებმა კერძო ადვოკატი აუყვანეს“.
loading...
ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება საგამოძიებო ორგანოში.  

აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეში 85 წლის ომარ გამყრელიძის გარდა მისი მეორე ვაჟის სახელიც გამოიკვეთა. ამბობენ, რომ ის შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალა, რომ თითქმის ვერავინ დააფიქსირა.

ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებით ირკვევა, რომ ომარ გამყრელიძის მეორე შვილმა 1 მაისს, ანუ ტრაგედიამდე 2 დღით ადრე, განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. ოჯახის წევრების ჩვენებებით, ის არ გამოსულა მათთან კონტაქტზე და მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მის ადგილ-სამყოფელთან დაკავშირებით. ამჟამად, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.

როგორც შსს-ში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში, საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია, გამოძიებისთვის იმ ეტაპზე ცნობილ გარემოებებთან დაკავშირებით. კერძოდ, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა სოფელ ყანდაურაში მცხოვრები ო.გ., რომელზეც მეზობლები აცხადებდნენ, რომ მან ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც. ეს ინფორმაცია მეზობლებმა მოგვიანებით გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებშიც დაადასტურეს.

„გამოძიების მსვლელობაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი. ამ გარემოებამ გამოძიებას დამატებით ახალი მიმართულება მისცა, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - განუცხადეს „პრაიმტაიმს“ შსს-ში.

loading...