"კრაზანებს დაუკბენიათ, 2 წუთში გარდაცვლილა მთელი სოფლის თვალწინ..." - ზესტაფონში უკვე 2 ადამიანი გარდაიცვალა

image
  • 46 698
ზესტაფონის რაიონიდან დაგვიკავშირდნენ და დახმარება გვთხოვეს, ადგილობრივების თქმით, რაიონში წელს განსაკუთრებულად მოიმატა კრაზანების რაოდენობამ. მათი მტკიცებით, 2 ზრდასრული მამაკაცის გარდაცვალება სწორედ კრაზანის ნაკბენს მოჰყვა.

ზესტაფონის რაიონის სოფლებში პანიკაა, მათი თქმით, კრაზანების ასეთი შემოტევა არ ახსოვთ და დღე არ გავა რომ მწერმა ვინმე არ დაკბინოს.

ახლობლების თქმით, კრაზანის კბენიდან 20 წუთში გარდაიცვალა სოფელ ბოსლევში მცხოვრები 45 წლის გაიოზ ჭუმბურიძე და სოფელ ცხრა წყაროს მკვიდრი 65 წლის ავთანდილ კვარაცხელია. ეჭვი აქვთ, რომ
მწერის ნაკბენმა გამოიწვია სოფელ საქარაში რამდენიმე დღის წინ 6 თვის ბავშვის გარდაცვალებაც.

ლია ჭუმბურიძე, გარდაცვლილი გაიოზ ჭუმბურიძის და:
- 16 ივლისს ჩემ ძმას სოკოს კრეფის დროს დაესხნენ კრაზანები, საწყალი გამოიქცა, მაგრამ რას გაექცევი კრაზანას. ერთდროულად სამმა უკბინა, ნაკბენი ჰქონდა კისერზე, ხელზე და ბეჭზე. გაუკეთეს დექსამეტაზონი, დაალევინეს კიდეც სხვა ანტიალერგული საშუალება, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. წუთებში შეშუპდა, მეუღლის და მთელი სოფლის თვალწინ გარდაიცვალა რამდენიმე წუთში. სასწრაფო დახმარების ბრიგადა რომ მოვიდა, უკვე გარდაცვლილი იყო.

- თქვენი ძმა ალერგიული იყო?
- არ ყოფილა, ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. 45 წლის ჯან-ღონით სავსე კაცი იყო. მთელი სოფელი შეშინებულია, ჯიბეში ყველას დექსამეტაზონის ამპულები უდევს.

იქნებ გვიშველოს ვინმემ, ყურადღება მოგვაქციონ, გარეთ მშვიდად ვეღარ გავსულვართ. ოთახშიც არ ვართ უსაფრთხოდ, 30 ცალი მოვკალით ერთ საღამოს. საშინლად არიან გამრავლებულები. ჩვენი სახლის კედელზე ორი ბუდე აქვთ, ბუდობენ ხეებზეც. ჩემს ძმას ვერაფრით დავეხმარეთ და იქნებ სხვების დახმარება და გაფრთხილება მაინც შევძლოთ. კარგი იქნება მოსახლეობის ინფორმირება მოხდეს, როგორ უნდა მოიქცნენ დაკბენის შემთხვევაში, რომ ასეთი მძიმე შედეგი არ დადგეს.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ, კიდევ ერთი გარდაცვლილის 65 წლის ავთანდილ კვარაცხელიას მეუღლეს:
"16 ივლისს დილის 8 საათზე გავიდა შინიდან, თხილის ბაღში წავიდა, ბალახის გასაგლეჯად, მაგრამ მალევე, წუთებში დაბრუნდა, მიზეზი რომ ვკითხე, მითხრა კრაზანებმა დამკბინესო - პერანგის ქვეშ შეუძვრნენ და რამდენიმე ადგილას უკბინეს. მაშინვე მივეცი დექსამეტაზონი, მაგრამ მომენტალურად გაუშავდა სხეული და ვეღარაფერი ვუშველეთ. წელს ძალიან ბევრი კრაზანაა. ჩვენ ახლა შევწამლეთ ეზო, ძალიან გვეშინია".

ზესტაფონელები ამბობენ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, ბავშვებს ეზოში სათამაშოდ ვეღარ უშვებენ, შიშით კრეფენ ხილს, შემთხვევით ხეზე ბუდე რომ არ დააზიანონ.

ზესტაფონში, კლინიკა "ფერომედში" იმკურნალა კრაზანის ნაკბენით კიდევ ერთმა დაზარალებულმა. ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც საკუთარი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა, ადვილად გადარჩა. სოფელ კვალითის მკვიდრს კრაზანამ ხელზე უკბინა, მაშინვე მიიღო დექსამეტაზონი, ანტიალერგიული პრეპარატი და დახმარებისთვის კლინიკასაც მიმართა.

"ჩემს სოფელში დღე არ გავა ვინმე რომ არ დაკბინოს კრაზანამ, დექსამეტაზონსაც კი ვერ ვშოულობთ, დეფიციტშია"."

როგორც აღმოჩნდა, ზესტაფონში მდებარე აფთიაქებში გაზრდილი მოთხოვნის შედეგად მართლაც იყო დექსამეტაზონის დეფიციტი, ეს ინფორმაცია ადგილობრივი აფთიაქების ფარმაცევტების ნაწილმაც დაგვიდასტურა.
loading...
kvirispalitra.ge კლინიკა "ფერომედის" დირექტორს კოტე ქავთარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვთხრა, რომ გასულ თვეში კრაზანის მიერ დაკბენილი 16 ადამიანმა მიაკითხა კლინიკას.

- და ეს რიცხვი შარშანდელ მონაცემთან შედარებით მომატებულია?
- ბევრია. აქამდე ასეთი რაოდენობა არ მახსოვს. ჩვენს კლინიკაში მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტი არ გვყოლია, არც გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირებულა ჩვენთან. ჩემი ინფორაციით, ერთი ადამიანი შინ გარდაიცვალა.

ჩვენ დავუკავშირდით სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა მავნებლების წინააღმდეგ სამუშაოებს ატარებს. სააგენტოში გვითხრეს, რომ რაიმე სპეციალური პროექტი და სამუშაოები კრაზანების წინააღმდეგ არ ჩაუტარებიათ.

"სურსათის ეროვნული სააგენტო ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად - სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლების წინააღმდეგ და კრაზანების საწინააღმდეგო წამლობა სცდება ჩვენს კომპეტენციას", - გვითხრეს სააგენტოში.

დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროსაც, საიდანაც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გადაგვამისამართეს. აი, რა გვითხრა უწყების გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ:

- კრაზანები იკბინებოდნენ და იკბინებიან ყველგან, მთელს მსოფლიოში. კრაზანის შხამი არ კლავს, კლავს ალერგია, როცა ალერგიულია ადამიანი. წელიწადში გარდაცვალების ერთი-ორი შემთხვევა, სამწუხაროდ, ხდება საქართველოშიც. გაცილებით უარესი მდგომარეობაა, მაგალითად, ამერიკაში, სადაც ათასობით ადამიანი იღუპება.

- ანუ პანიკის საფუძველი არ არსებობს?
- კრაზანა შეიძლება წელს ზესტაფონში იკბინებოდეს, მომავალ წელს სხვაგან... აი, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ იყო სამეგრელოში გარდაცვალების შემთხვევა, იმის წინ იყო გურიაში.

თუ ვინმეს ჰქონდა მწერის წინა ნაკბენზე (არ არის აუცილებელი კრაზანის ნაკბენი ყოფილიყო) მძიმე ალერგიული რეაქცია, მომდევნო ნაკბენმა შეიძლება ძალიან მძიმე რეაქცია გამოიწვიოს. ამიტომ ასეთ ადამიანს სულ თან უნდა ჰქონდეს ანტიალერგიული წამლები.

- ამის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრები არ გაქვთ მოსახლეობასთან?
- ჩვენ ვებგვერდზე ყველაფერი დევს. განაგრძეთ კითხვა

loading...