'ერთ მშვენიერ დღეს ადგა და ჩვენზე უარი თქვა მამამ...' - სინამდვილეში რატომ თქვა მამამ უარი დებ მაყაშვილებზე და რატომ არიან ისინი დედის გვარზე

image
  • 8 357
loading...
მსახიობმა თამარ მაყაშვილმა წლების წინ მიხეილ თუმანიშვილს გული დასწყვიტა, რომ მის ჯგუფში არ მოხვდა. სოფიკო ჭიაურელმა ასე შეაფასა - ვარ ბედნიერი იმით, რომ აღმოჩენა გავაკეთე. შოკირებული ვარ, რომ ეს ქალი აქამდე არ იყო დაკავებულიო. „ქართულ თეატრს ჰყავს უდიდესი პლასტიკის მქონე, დრამატული მსახიობი - თამარ მაყაშვილი“ - იტყვიან მოგვიანებით კრიტიკოსები. რობერტ სტურუამ გრძელი კიდურების გამო დაიწუნა. მერე კი თავად მსახიობი აღარ მივიდა რუსთაველის თეატრში. თამაშობდა: მუსკომედიაში, მეტეხის თეატრში, თეატრალურ სარდაფში, ერთი მსახიობის თეატრში... „ჰგონიათ, რომ ჩემი შვილები რუსთაველის თეატრში მე მოვაწყვე. ეს რომ შემძლებოდა, პირველ რიგში ჩემს თავს დავეხმარებოდი. არც ერთი წამი არ მიზრუნია იმაზე, რომ ისინი სადმე „შემეტენა“ – „პრაიმტაიმთან“ ამბობს რესპონდენტი.

თამარ მაყაშვილს სამი შვილი ჰყავს. აქედან ორი თავის გვარზე. მათ დღეს უკვე ყველა იცნობს. ისინი დედის კვალს გაჰყვნენ და მსახიობები გახდნენ. რუსკა და ნინუცა მაყაშვილები რუსთაველის თეატრის დასში ირიცხებიან. ვიცოდი, რომ დედის გვარზე მყოფი გოგონები მამაზე არ საუბრობდნენ. თუმცა დები, რაც მეტად პოპულარული ხდებიან, მათი მამის ვინაობა მით უფრო დიდ ინტერესს იწვევს. ლოგიკურად ტრიალებს ერთი და იგივე, მაყაშვილებისთვის არასასიამოვნო შეკითხვა - რატომ არიან რუსკა და ნინუცა დედის გვარზე? ეს მტკივნეული თემაა, თუმცა არა ტაბუდადებული. მოკლედ, ვინ არის ადამიანი, ვინც მსახიობების ოჯახმა უარყო და მისი გვარი წარსულს ჩააბარა. „პრაიმტაიმს“ თავის ისტორიას თამარ მაყაშვილი უყვება.

მსახიობი 17 წლის იყო 28 წლის მხატვარი კოკა ცხვედიანი რომ შეუყვარდა.

თამარ მაყაშვილი: - გადავირიე და ბნედა დამემართა. ორ კვირაში სვანეთში გავიპარეთ. ცხვედიანი რაჭველია, მაგრამ მეგობართან, ჩართოლანებთან წავედით. წითელ „07“-ში ვისხედით: მე, კოკა, გია კორკოტაშვილი (რუსკას ნათლიაა), გია მამულაშვილი და ოთარ ჩართოლანი. მესტიაში სვანი „კიტები“ გაფრთხილებული დაგვხვდნენ ავტომატებით. ამდენი ავტომატიანი კაცი პირველად ვნახე. კუბდარი გეახელით და დავიძინე. დილით, ხუთ საათზე, ანუ ორი საათის და­ ძინებულს, ავტომატით დამადგნენ თავზე: ადექი, თამარა, უშბამ მერვე კედელი გამოაჩინაო. ეს ძალიან იშვიათად ხდება, ეტყობა შენ კარგი ქალი ხარ, თორემ უშბა ასე ადვილად კედელს არ აჩვენებსო. თურმე სულ ნისლია უშბაზე. იმ დილას კი ჯგრაკი, წმინდა გიორგის სალოცავი, მზით იყო გადანათებული, რაღაც საოცარი სანახაობა დაგვხვდა. მეორე დღეს ნახევარი თბილისი ჩამოგვადგა. მეგობრები, თორემ მშობლები შოკირებულნი იყვნენ. მერე გაჩნდა რუსიკო... მერე ნინუცა... ნინუცაზე ორსულობა გვიან შევიტყვე, ოთხი თვის რომ ვიყავი. რუსკას შემდეგ წელიწადსა და ოთხ თვეში გაჩნდა.

- რამდენი ხანი იცხოვრეთ ერთად?

- სადღაც ხუთი წელი. და დამთავრდა სიყვარული... ერთმანეთს დავემშვიდობეთ. მერე მშვენივრად ვმეგობრობდით. მოდიოდა, მიდიოდა, ბავშვები მიყავდა. ზოგჯერ იქითაც ვაძლევდი ფულს, ბავშვები წაიყვანე-მეთქი. მაგრამ მერე, როცა 70-ჯერ გამოგიდგამენ ბავშვებს გარეთ, 71-ჯერ აღარ გაუშვებ. ერთხელაც გაგვიბრაზდა მამა და აღარ გვემეგობრება.

- რატომ?

- არ ვიცი, მას ჰკითხეთ. ეტყობა გადაწყვიტა, რომ აღარ უნდოდა ჩვენთან ურთიერთობა. და ასე მიგვატოვა. უცებ საერთოდ საშვილიშვილოდ დაიკარგა. მართალია, დიდად არ გვინერვიულია, მაგრამ... ქუჩაში გამარჯობასაც არ ამბობდა. ვერ „გვცნობდა“, ეტყობა. საერთოდ არ ვარ მოსაზრების მომხრე - ბავშვების გულისთვის ოჯახი უნდა შენარჩუნდეს. როცა ადამიანს არ უყვარხარ, არ გინდა და მხოლოდ ამ მოსაზრების გამო ინარჩუნებ ოჯახს, იმ ოჯახს ოჯახად არ ვთვლი. არაფრის გამო არ შეიძლება ამის გაკეთება. ბავშვები უფრო კარგ ატმოსფეროში იზრდებოდნენ მამის გარეშე. გასაგებია, რომ მამა უნდოდათ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მამამ თვითონ თქვა უარი მათზე. რა მექნა, ძალით ხომ არ მოვიყვანდი? არც ერთის დაჩაგრულობა არ მიგრძვნია. მეგობრების არმია მყავს. ყველგან დამყავდა ბავშვები და მეგობრები მეხმარებოდნენ. მათ მხიარულ გარემოცვაში ვზრდიდი.

და მაშინ გადაწყვიტეთ, რომ შვილები თქვენს გვარზე გადმოგეყვანათ?

- არა, ეს ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა. თვითონ რუსკამ და ნინუცამ გადაწყვიტეს. ეს კი ამ ფაქტმა განაპირობა: ერთ დღეს დედაჩემმა ჩართო პირველი არხი, სადაც გადიოდა გადაცემა „ფინჯან ყავასთან“. სტუმრად ჰყავდათ მხატვარი კოკა ცხვედიანი. რუსკა და ნინუცაც ტელევიზორს უსხდნენ. რუსკა დაახლოებით თორმეტი წლის იყო. კოკა ყვებოდა, როგორ დაიწყო მხატვრობა, ყვებოდა თავის შემოქმედებაზე და უცებ ოჯახურ მდგომარეობაზე ჰკითხეს. კოკამ უპასუხა, რომ ჰყავს ცოლი, დაასახელა მისი ვინაობა და ორი შვილი, რომელიც მეორე ცოლთან შეეძინა. ვისაც არ ეზარებოდა ყველამ უყურა იმ დღეს ტელევიზორს. დაახლოებით ხვდებით ხომ, რა მოხდებოდა ჩემს სახლში? ეს ბავშვებისთვის სრულიად შოკი იყო. იკითხეს - კი მაგრამ, ჩვენ შვილები არ ვართო? მამაჩემს პირველი ცოლისგან ორი ქალიშვილი ჰყავდა და ჩემი ნახევარდები ჩვენთან სულ მოდიოდნენ. ერთად გავიზარდეთ და მთელი ცხოვრება ერთად მოვდივართ. მამაჩემისთვის რომ არსებობდა ამდენი შვილი, იმის ცოლი, ამის შვილი, ყველა ერთამანეთთან ახლობლობდა, ამიტომ მიიღეს ბავშვებმა შოკი. მაშინ თქვეს, თუ ჩვენ შვილებში არ ვითვლებით, მაშინ მაყაშვილზე დაგვწერეთ, ბიძაჩვენის, ბიძინას გვარზე, მაინც მისი შვილები ვართო. ბიძინა მათთვის ყველაფერია. პირველი დღიდან მისი გაზრდილები არიან. სრულიად მის კმაყოფაზე ვიყავით. 16 წლის რუსკა მაყაშვილზე გადავიყვანეთ, ნინუცა არასრულწლოვანი იყო, ამიტომ კოკასგან უნდა აგვეღო ნებართვა. კი, ბატონოო, მანაც მშვენივრად დაგვრთო ნება. ასე გახდნენ მაყაშვილები. სასცენოდ რომელი გვარი უფრო ჯობს? ცხვედიანი თუ მაყაშვილი? მე მგონი შვილებმა გვარისთვის მადლობა უნდა მითხრან.

რუსკა მაყაშვილს გულისტკივილი ახლაც ეტყობა.

რუსკა მაყაშვილი: - არ მსიამოვნებს იმ მომენტის გახსენება... მახსოვს, ძალიან მყარად მივიღე გადაწყვეტილება: თუ მას ორი შილი ჰყავს და არა ოთხი, მაშინ ვინც გაგვზარდა, იმის გვარს ვატარებთ-მეთქი. ეს არავის დაუძალებია.

- თავი უარყოფილად იგრძენი?

- რა თქმა უნდა. თან მაშინ ისეთ ასაკში ვიყავი, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მამა.

- ეს პროტესტი იყო?

- ეს მაშინ პროტესტი იყო. ვთვლიდი, რომ სწორად მოვიქეცი და არც ვნანობ.

- არასდროს გინანია?

- არა, არც არასდროს და არც ახლა ვნანობ. ეს დასჯა იყო ჩვენი მხრიდან.

- არ შეხვედრიხარ?

- კი, ადამიანურად ვხვდებით ერთმანეთს. „ფეისბუქით“ და ტელეფონით ვკონტაქტობთ. ჩემს სპექტაკლებზე დადის.

- სინანულით დაურეკავს?

- კი, დაურეკავს, მაგრამ არასდროს უკითხავს, რატომ შევიცვალეთ გვარი. ალბათ, იმიტომ, რომ თვლის, მართლები ვართ.

- შანსი არ მიეცი?

- ერთი შანსი ყველას უნდა მისცე. პატიება შემიძლია, მიუხედავად იმისა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, ჩემთან და ჩემ დასთან დაკავშირებით.

- მის „ფეისბუქზე“ ერთ ფოტოზე წერია - რუსკა ცხვედიანი (მაყაშვილი).

- არ წამიკითხავს.

- მამას არ ეძახი?

- არც არასდროს მიმიმართავს ასე. მთელი ცხოვრება კოკას ვეძახი. მისთვის მამის დაძახება ისეთივე უცნაურია ჩემთვის, როგორც დედასთვის - თამრიკოსი.

- დებთან ურთიერთობა გაქვს?

- კი, მარიამი და ელენე ძალიან მიყვარს, იმიტომ, რომ ჩემი დები არიან. მარიამი 15 წლისაა, ელენე 10 წლის.

ნინუცა მაყაშვილი: - ერთი პერიოდი მეც მირეკავდა კოკა. თითქოს შევრიგდით კიდეც, მაგრამ მერე ისევ ვიჩხუბეთ. არის რაღაცები, რაც მუდამ გახსოვს და შეიძლება ვერ დაივიწყო ადამიანმა. რაღაცების მიმართ პროტესტი მაქვს. როგორც გითხარით, რუსკას და ნინუცას მამა მხატვარია. კოკა ცხვედიანს ჩვენ მისი სამეგობრო წრიდან მივაკვლიეთ. დავურეკეთ და ინტერვიუზეც შევთანხმდით. ვუთხარით, რომ მის შვილებზე გვინდოდა საუბარი, დაგვთანხმდა, გვითხრა, რომ ძალიან უხარია მისი შვილის, რუსკას წარმატება, მაგრამ დათქმულ დროს ტელეფონი გათიშა. თამარ მაყაშვილს მისი ყოფილი ქმრის საქციელი არ გაჰკვირვებია: „რა უნდა ეთქვა, რა თქმა უნდა, არ დაგელაპარაკებოდათ“.

კოკა ცხვედიანის შემდეგ თამარ მაყაშვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
თამარ მაყაშვილი: - შემდეგს ვერც სიყვარულს დავარქმევ და ვერც იმას ვიტყვი, რომ ისე ვიჯექი, ურთიერთობების გარეშე. იყო გრძნობა და დამთავრდა. საერთოდ, ძალიან იმპულსური ვარ და მახასიათებს, ერთ დღეს გაღვიძება და გაგიჟება - „მიყვარს!“ მეორე დღეს ვხვდები, რომ თურმე, არა. სხვათა შორის, კოკამდე იყო ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელზეც ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა. ის დღეს ჩემი მეგობარია. მაშინაც მეგობარი იყო.

საერთოდ თაყვანისმცემლების არმია მყავდა. სადარბაზოსთან ჯარი იდგა. მაგრამ მე ყველასთან ვმეგობრობდი. თან ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარდა. ახლაც ასე ვარ, უყურადღებობა სად შემიძლია.

მივხვდი, რომ არც კოკას სიყვარული იყო ჭეშმარიტი. „ის“ არ იყო... სხვადასხვა ადამიანები ვიყავით. ჭინჭების სიყვარულით შემოფარგვლა არ შეიძლება. არ არის ფასეული, ეს მდაბიოობაა. „დო პარი, დო ვრემენი“ ხარ. ეს მოხდა კოკასთან. გიყვარს ჭინჭი? გიყვარდეს! ჰოდა, „პაკაა“... რატომ მაჩერებს მე დღეს ქუჩაში მაყურებელი? იმიტომ, რომ ასეთი ვარ. მე ჩემი „კიტების“, მეგობრების არმია მირჩევნია, არაფასეულ ჭინჭებს.

- მერე რა მოხდა?

- მერე ჩემს ცოხვრებაში უცებ გამოჩნდა ადამიანი, გადამიბრუნდა „შარიკი“ და მივხვდი, რომ ამ კაცთან ცხოვრება მომინდა. გია ყიფშიძე ინჟინერ-ტოპოგრაფია. მშვიდი და დალაგებული ადამიანია. სრულიად საწინააღმდეგო. ის ნახევარია, რომელიც მავსებს. მასაც ტრავმირებული ცხოვრება ჰქონდა. ოჯახი დაენგრა, ოღონდ, ჩემს გამო არა. უკვე გაცილებული იყო თავის ცოლს, მე რომ შემხვდა. ოთხი შვილი და შვილიშვილები ჰყავს. მოდიან ჩვენთან მისი შვილები. ფენომენალური ურთიერთობა აქვს შვილებთან. ძალიან სამართლიანი და „წესრიგაა“. ყოველთვის მესიმპათიურებოდა. ფასანაურში ვიყავით და რომ ჩამოვედი, მეგობარმა მითხრა, ანთებული თვალები გაქვსო. გავიდა წლები. ერთხელ ახალი წელი მივულოცე. და უცებ გამინათდა, რაღაც დამემართა. მაშინვე ვუთხარი - ვგიჟდები, რაღაც მჭირს-მეთქი. საერთოდ, ჩემი ენა მღუპავს მთელი ცხოვრება-მეთქი, რომ გითხარი, არ გჯერა? არის, არ არის საჭირო, ჩემს თავზე ვლაპარაკობ. მოდი, ერთად ვიცხოვროთო, გადავწყვიტეთ. სრულიად შოკი იყო ყველასთვის. რატომ ჩათვალეს რომ გია სახლში უნდა მჯდარიყო და ეტირა, არავინ იცის, ან მე... მოკლედ, იდილია გვქონდა. ბედნიერები დავდიოდით. ყველაფერი ბედნიერად დაიწყო. ამასობაში ბატონი ელიზბარი „შემოგვეპარა“. დაუგეგმავად ორსულად დავრჩი. 38 წლის ვიყავი... კივილი დავიწყე - ამხელა შვილები მყავს, ასეთ რამეს სხვას დავცინი-მეთქი. მერე გიამ ისე მითხრა - რატომ არ გვინდა, შვილიაო, მივხვდი, რომ მას მართლა სურდა ჩვენი შვილის მოვლინება. სენტიმენტალური არა ვარ, თავს არ ვუტყდები, მაგრამ სხვანაირად მესიამოვნა. მერე მეორე შოკი დამეწყო - როგორ უნდა გამეჩინა? მერე, გია ღარიშვილი, „ღარო“ მოვიდა, ჩემი ქმარი რომ ჰგონიათ რატომღაც და დამამშვიდა - რუსიკო და ნინუცა ვერ გაგიგებენ გგონიაო? გოგოები სიხარულით გაგიჟდნენ. ასე გაჩნდა ბატონი ელიზბარი, რიჟიკა, სასაცილო „როჟაა“. ახლა ოთხი წლისაა. გიას ჰკითხეს: რამდენი შვილი გყავსო და შვიდიო უპასუხა. ძალიან უყვარს რუსკა და ნინუცა. ნინუცას ორ წელში ოჯახი რომ დაენგრა, გიამ ჩემზე მეტად განიცადა. რომ ვუყურებდი, ეს არ იყო ფარსი, ნამდვილად მტკივნეულად განიცდიდა. იმდენად განიცდიდა, არ მოკვდეს და ჩემ თავს ვინ დაეძებს-მეთქი, ვამბობდი.

- ეჭვიანი ხართ?

- არ მაქვს ეგ გრძნობა. რადგან მე არ მაქვს, მოვითხოვ არავის ჰქონდეს. მამაჩემი, რომელიც დედაზე 20 წლით უფროსი იყო, ამბობდა: არასდროს არ ვცემ პატივს იმას, ვისაც თავში აზრად მოუვა ეჭვიანობა. ესე იგი თავის სიმაღლეზე არ დგასო. არასდროს არაფერი არ დამიმალავს და ზურგს უკან არ გამიკეთებია. სახლიდან გავიდე, ვიღაცას ჩუმად შევხვდე და სახლში კმაყოფლი სახით ამოვიდე, ჩემში ეს არ ზის. ახლა ძალიან წყნარად ვარ.

- ქალიშვილებიდან რომელი გგავთ?

- ნინუცა მგავს. რუსკა უფრო დალაგებულია და ჭკვიანურად წყვეტს.

- რა მოაქვს ასაკს?

- ასაკს მეტი ფიქრი მოაქვს. შეცდომა შეიძლება იგივე დაუშვა. მოაქვს ნაოჭი. ახლა სახლში ყოფნის ეტაპი მაქვს.
loading...