სამთვიანი კომა ნახევარსაათიანი ოპერაციის შედეგად - 28 წლის ინგა ბალანჩივაძის ნათესავები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ

image
  • 1 406
loading...
10 მაისს ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში, ოპერაციის დასრულების შემდეგ 28 წლის ინგა ბალანჩივაძის მდგომარეობა დამძიმდა.

ახალგაზრდა ქალს, გარე ორსულობის დიაგნოზით, ოპერაცია ჩაუტარდა. ნახევარი საათის ნაცვლად, ქალი საოპერაციოში 4 საათი გააჩერეს.

ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ამ ხნის განმავლობაში ექიმები ოპერაციის გაჭიანურების მიზეზს არ ასახელებდნენ.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ პაციენტი კომაში ჩავარდა, კლინიკას რეანიმაციული ბლოკი არ ჰქონდა და მდგომარეობიდან გამოყვანას სხვადასხვა მეთოდებით უშედეგოდ ცდილობდნენ.

ტვინის შეშუპების, ქერქის დაზიანებისა და მძიმე მდგომარეობის გამო, ინგა ბალანჩივაძე ნათესავებმა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრებს ექიმებმა უთხრეს, რომ მდგომარეობის დამძიმება ოპერაციისას უჟანგბადობამ გამოიწვია, რასაც ტვინის შეშუპება მოჰყვა.

პაციენტის ნათესავები ქუთაისის ხონელიძის კლინიკის ექიმებს, სადაც 28 წლის ქალმა ოპერაცია გაიკეთა, დაუდევრობაში, უყურადღებობასა და უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ.
"საშინელ დღეში ჩააგდეს ხონელიძის კლინიკაში ჩემი და. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციიდან თითქმის 6 თვე გავიდა, ჩემი და ისევ ძალიან ცუდად არის. გონებრივად, მეხსიერების 70 % დაბრუნებული აქვს. ვიღაცებს ცნობს, ვიღაცებს არა. ფეხები აქვს გაშეშებული, აი მშობიარობის დროს, როგორც არის ქალი, აი ისე აქვს ფეხები. მარცხენა თვალში საერთოდ ვერ იხედება და მარჯვენაში მკვეთრ ფერებს არჩევს. სახეებს ვერ აღიქვამს. თვენახევრის განმავლობაში იყო სრულ კომაში. ეს ყველაფერი არის ხონელიძის კლინიკის ანესთეზიოლოგის დავით ჟორჟოლიანის ბრალი. ეს არის უყურადღებო ექიმი. ოპერაციის მომენტში ჟანგბადი ვერ მიაწოდეს ჩემს დას. შეიძლება იმ დროს საერთოდ გარეთ იყო გასული სიგარეტზე. ვიწყებთ კლინიკის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას, რადგან ეს ექიმი სწორედ ამ კლინიკაში მუშაობდა და შემდეგ უკვე მან უნდა აგოს პასუხი,"- აცხადებს პაციენტის ძმა დათო ზივზივაძე.

28 წლის ინგა ბალანჩივაძის ოჯახის ბრალდებებს "ხონელიძის" კლინიკის ანესთეზიოლოგი დავით ჟორჟოლიანი პასუხობს. ექიმის განცხადებით, საქმეს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს და მანამდე ნაადრევ კომენტარს ვერ გააკეთებს.

"ამ საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო. სწორედ ისინი დაადგინენ, დავუშვი თუ არა რაიმე შეცდომა ამ საქმეში. სხვას მეტს ვერაფერს გეტყვით, სწორედ მათი დასკვნის მოლოდინში ვართ, "- აცხადებს დავით ჟორჟოლიანი.
loading...