მჭიდროდ შეკრული თმა და ჰიგიენის ნორმების დაცვა - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები მოსწავლეებს

image
  • 752
loading...
ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა.

რეგულაციების თანახმად, მოსწავლე ვალდებულია:

მჭიდროდ შეიკრას/დაიმაგროს თმა - ისე, რომ თმების სახესთან შეხება მაქსიმალურად შეიზღუდოს;
არ გამოიყენოს სხვისი ნივთები;
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართოს ექიმს;
დაიცვას ჰიგიენის წესები - ხსირად დაიბანოს ხელები და თუ ეს ვერ ხერხდება, დაიმუშავოს ხელები სადეზინფექციო ხსნარით;
დახველებისა და დაცემინების დროს სახეზე მიიფაროს სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი, მოერიდოს ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას.
სკოლა ვალდებულია:

თითოეულ მოსწავლეს მისცეს საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლის სკოლაში ტარების რეკომენდაცია. უზრუნველყოფილი უნდა იყოს დღის განმავლობაში მოსწავლის მიერ ბოთლის ხარისხიანი სასმელი წყლით შევსების შესაძლებლობა ონკანიდან, ჭიდან, სასმელი წყლის ავზიდან, დისპენსერიდან; წყლის ბოთლი უნდა გაირეცხოს დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში ერთხელ;
ადმინისტრაციამ სკოლის შენობის პერიმეტრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესასვლელი/ეზო/გარე ტერიტორია) უნდა გამოიყენოს თერმოსკრინინგის ჩასატარებლად;
პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს, ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს 1 მეტრიან დისტანციას; თერმოსკრინინგისას ცხელების - 37-С ან 37-С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი უნდა დაექვემდებაროს ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით 15 წუთიან შუალედში, მოსაცდელ სივრცეში; ვერცხლისწყლის თერმომეტრი სავალდებულოა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდეგ. სიცხის გადამოწმების შემდეგ, 37-С ან 37-С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში, ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;
სკოლის შენობაში შესვლა მასწავლებლების, თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის დასაშვებია მხოლოდ პირბადით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით -დამცავი ფარი/დამცავი სათვალეები, ბახილები, ხალათები;
სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სასწავლო დაწესებულებაში დაშვება მოხდება PCR-ტესტირების დასკვნის საფუძველზე (COVID-19 -ით ინფიცირების არ არსებობის შემთხვევაში);
სასწავლო პროცესის ორგანიზებისას წინასწარ განსაზღვროს მასწავლებლების, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა და ცვლაში მისაღები მოსწავლეების რაოდენობა ისე, რომ როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეში უზრუნველყოფილი იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იყოს ცვლებში სწავლებისა და მუშაობის რეჟიმი. ყოველი ცვლის შემდგომ უნდა გამოცხადდეს სანიტარიული შესვენება არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში;
მასწავლებლის ჟურნალის გამოყენება ჩაანაცვლოს აღრიცხვის ელექტრონული ფორმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ჟურნალით ყოველი სარგებლობის წინ და შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელების სანიტაიზერით სავალდებულო წესით დამუშავება;
დასვენებებზე ერთდროულად დიდი რაოდენობით მოსწავლეების თავმოყრის თავიდან აცილების მიზნით, სკოლამ ინდივიდუალურად უნდა დაადგინოს სწავლის დაწყების განსხვავებული დროების და/ან საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობა. ამასთანავე, მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს ვიზიტორთა რაოდენობა სკოლის შენობაში. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვიზიტების ზუსტი აღრიცხვა: ვიზიტორის საიდენტიფიკაციო ინფორმაციის (გვარი, სახელი, საკონტაქტო ტელეფონი), ვიზიტის დანიშნულების, შემოსვლისა და გასვლის დროის დაფიქსირებით.
მშობელი ვალდებულია:

ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში, არ გაუშვას მოსწავლე სკოლაში, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანოს მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველჰყოს ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და PCR-ტესტირების ჩასატარებლად, სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში კი შეატყობინოს კლასის დამრიგებელს.

სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან განახლდება.
loading...