თბილისში ახალგაზრდა ქალი მანქანაში ამშობიარეს

image
  • 1 901
loading...
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარება "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს, რომელსც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენმა ექიმებმა ახალგაზრდა ქალი მანქანაში ამშობიარეს

ორი დღის წინ, მორიგი გამოძახებიდან დაბრუნებულ ბრიგადა 1116-ს 112-ის ოპერატორმა ახალი მისამართი გადასცა. გამოძახების ადგილი - მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორია, ხოლო მიზეზი - ძლიერი მოვლითი ხასიათის სამშობიარო ტკივილი.

ადგილზე მისულ ექიმებს ავტომანქანაში 30 წლის მშობიარე ქალი და მისი მეუღლე დახვდათ. ექიმებმა დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს და პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს. სწორედ ამ დროს ქალს მშობიარობა დაეწყო.
„მძღოლს მანქანა გავაჩერებინეთ. ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა. ეს პაციენტისთვის მეოთხე მშობიარობა იყო. დაიბადა ძალიან ლამაზი, ჯანმრთელი გოგონა. ყველა საჭირო მანიპულაცია ჩავატარეთ, გოგონა თბილად გავახვიეთ და დედა-შვილი უახლოეს სამშობიაროში გადავიყვანეთ. მოგვიანებით დავრეკეთ საავადმყოფოში, მოვიკითხეთ ჩვენი პაციენტები. კარგად არიან და ორ დღეში სახლში იქნებიან“, - იხსენებს ჯილდა ჭიჭაღუა.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ულოცავს ოჯახს ქალიშვილის შეძენას!

(ბრიგადა 1116: უფროსი ექიმი ჯილდა ჭიჭაღუა, უმცროსი ექიმი ლია ბერიძე, მძღოლი დიმიტრი ზედგინიძე)"
loading...