“სესხიც აგვიღია და ნისიად გვიყიდია პური” – გაიცანით ცოლ-ქმარი, რომლებიც სუფსაში 60 უპატრონო ძაღლს პენსიით კვებავს

image
მიმდინარეობს ვიდეოს ჩატვირთვა...
  • 252
loading...
მურმან კილაძის და მარინა მეგრელიშვილის ოჯახს, სუფსაში ყველა იცნობს. ისინი წლებია თავიანთ რაიონში უპატრონო ძაღლების მოვლა-პატრონობით არიან დაკავებული.

არცერთი მათგანი არ მუშაობს და მათი შემოსავლის ძირითადი წყარო პენსიაა, თუმცა ახალგაზრდობის დროიდან დღემდე, მიუსაფარი ცხოველების კვებაზე და მოვლაზე ერთხელაც არ უფიქრიათ.

უფრო მეტიც, ხშირად ძაღლებისთვის პურს ნისიად ყიდულობენ, შემდეგ კი სუფსის ყველა იმ კუთხეში მიდიან, სადაც უპატრონო ცხოველები იყრიან თავს და მათ აპურებენ.
“პრაიმტაიმი” მურმან კილაძეს ესაუბრა, რომელმაც თავმდაბლობის გამო, მისი ოჯახის მიერ სიკეთეზე ბევრი არ ისაუბრა.

– მე და ჩემი მეუღლე ბავშვობიდან ვზრუნავთ ცხოველებზე, მიყვარს როგორც ძაღლები, ასევე ძროხები და სხვა ოთხფეხა მეგობრები. 23 წლის წინ დავქორწინდი და სუფსაში გადმოვედით საცხოვრებლად ოჯახი, სწორედ იმ პერიოდიდან დავიწყეთ აქაური მიუსაფარი ცხოველების მოვლა.

დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით, 60 ძაღლს ვუვლით, ვაჭმევთ, ჭიის წამალს ვაძლევთ და აცრასაც ვუკეთებთ.

დილაადრიან სოფელში პურის მანქანა მოდის, ჩვენ დაახლოებით 25-30 პურს ვყიდულობთ, შემდეგ, როგორი ამინდიც არ უნდა იყოს, მივდივარ სუფსის ბაზარში, რკინიგზის სადგურთან და ყველა იმ ადგილზე, სადაც ეს უპატრონო ცხოველები არიან და ვაჭმევ.  

ეზოში 6 ძაღლი გვყავს, ჭიშკართან 7 ძაღლი წევს. როცა სუფსის ბაზრიდან მოვდივარ, ძაღლების დიდი გუნდი მოსდევს ჩემს მანქანას.

– უმუშევარი ბრძანდებით, ვინ გეხმარებათ ცხოველებზე ზრუნვაში?

– ყველაფერს ჩვენი სახსრებით ვაკეთებთ. ორჯერ გამგეობა დაგვეხმარა სტერილიზებაში და აცრაში. ასევე, ერთი პიროვნებაა ოზურგეთში დიმა ბაქანიძე და დიმა გვეხმარება ჭიის წამლებით.

საკვებს ჩვენი პენსიით და სესხით ვყიდულობთ. ნისიადაც ბევრჯერ ამიღია პური, ცხოველებისთვის პური რომ მეყიდა. მაგრამ ეს რა სალაპარაკოა.
loading...