მთავრობის 4 გადაწყვეტილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

image
  • 15 353
loading...
დღეს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ცვლილება ამოქმედდა.

საქართველოდან რეგულარული რეისები კიდევ 10 მიმართულებით აღდგა
დღეიდან საქართველოდან რეგულარული ავიარეისები კიდევ 10 ქალაქის მიმართულებით აღდგა. კერძოდ, დღეიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები შემდეგ ქალაქებში აღდგა: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი და მილანი. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან კი: კატოვიცე, ვილნიუსი და დორტმუნდი.
ცნობისთვის, 2020 წლის 13 ივლისიდან ავიარეისები სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნხენის, პარიზის და რიგის მიმართულებით. ხოლო 1-ლი ოქტომბრიდან აღდგა ფრენები ქუთაისიდან რიგის მიმართულებით.

მომავალი 4 თვის განმავლობაში მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურებს დაუსუბსიდირებს
საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს მთავრობა მეორე ეტაპზეც – მიმდინარე წლის ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალშიც აუნაზღაურებს. კომუნალურებზე შეღავათების პროგრამა იგივე პრინციპით განხორციელდება, როგორც აქამდე იყო – 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს კი ექნებათ შესაძლებლობა ასეთ დახმარებაზე უარი თქვან.

დღეიდან რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის ძალაში ახალი მოთხოვნა შევიდა
რძის ნაწარმის მწარმოებლებისთვის ახალი მოთხოვნა შემუშავდა. კერძოდ, როგორც მთავრობის 30 ივლისის დადგენილებაშია აღნიშნული, ნედლი რძისგან დამზადებულ რძის ნაწარმზე, რომელიც სარეალიზაციოდ ბაზარზე განთავსდება, აუცილებელი იქნება, მკვეთრი მინიშნება, რომ პროდუქტი – ნედლი რძისაგან არის დამზადებული. დოკუმენტის თანახმად, ეს წესი დღეიდან უნდა ამოქმედდეს.

მთავრობის მიერ ბიზნესისთვის ამოქმედებული შეღავათების ვადა ამოიწურა
მთავრობის მიერ ბიზნესისთვის ამოქმედებული შეღავათების ვადა დღეს ამოიწურა. კორონავირუსის გამო მთავრობამ, ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს ქონების და საშემოსავლო გადასახადები 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადა. საუბარია სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების, ასევე საექსკურსიო საქმიანობით დაკავებული კომპანიების შესახებ. შესაბამისად, არსებული მონაცემებით, კერძო სექტორს დღეიდან ამ გადასახადების გადახდა მოუწევს.

ამასთან, მართალია დღეიდან არა, თუმცა, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 20 ნოემბრიდან ვაკის 31 ქუჩაზეც ამოქმედდება.
loading...