რატომ იდგა გიორგი გახარია კონფერენციაზე კარებთან – ღონისძიების ორგანიზატორის განმარტება

image
  • 1 414
სოციალურ ქსელში გავრცელებულ შს მინისტრის ფოტოს, რომელზეც გიორგი გახარია თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე კარებთან დგას, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ ღონისძიების ორგანიზატორებს დაუკავშირდა.
როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განუცხადა, კონფერენციაზე შს მინისტრი მიწვეული იყო და ღონისძიებაზე დასასწრებად, მისთვის ადგილიც იყო განკუთვნილი.
„დღევანდელ კონფერენციას 400 სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებიც და რა თქმა უნდა, შს მინისტრი გიორგი გახარია. ღონისძიება დაწყებული იყო, როდესაც შს მინისტრი დარბაზში დაგვიანებით შემოვიდა. ამ დროს, მომხსენებელი სიტყვით გამოდიოდა, მინისტრმა უხერხულობას თავი აარიდა და სანამ გამომსვლელმა საუბარი არ დაასრულა, მისთვის განკუთვნილ ადგილზე მისვლა საჭიროდ აღარ მიიჩნია, ამიტომ, მისივე სურვილით, კარებთან დადგა და მომხსენებლებს იქიდან უსმენდა“, – განუცხადა „კვირას“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა თამარ ხორბალაძემ.
loading...
ცნობისათვის, დღეს „თბილისი – რუმსში“, ორდღიანი კონფერენცია დაიწყო. კონფერენცია, სახელწოდებით „მსოფლიო თავდაყირა 2018“, მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზატორობით გაიმართა.
ყოველწლიური კონფერენცია უკვე მეოთხედ ტარდება და ორი დღის განმავლობაში სასტუმრო “თბილისი რუმს”-ში გაიმართება. თბილისის საერთაშორისო კონფერენციამ საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერთა აუცილებელი თავშეყრის ადგილის სახელი დაიმკვიდრა. ყოველი წლის სექტემბერში, კონფერენცია თავს უყრის უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.

 

loading...