ხვალ ახალ რეგულაციებს გამოაცხადებენ - რა შეზღუდვები შეიძლება აამოქმედოს საკოორდინაციო საბჭომ

image
  • 657
loading...
 

წინასააღდგომოდ კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების ამოქმედება პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია. ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ოთხშაბათს გაიმართება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თუ კონკრეტულად რა ღონისძიებები გატარდება.

სამშაბათს ეპიდემიის სტატისტიკაში ნახტომისებური ზრდა დაფიქსირდა - 24 საათის განმავლობაში  ინფიცირების 1 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის მაჩვენებელმა 5,79% შეადგინა. გასულ კვირას ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდებოდა, დღის წესრიგში დადგებოდა ახალი ლოკდაუნის გამოცხადება.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამშაბათს განაცხადა, რომ ახალი შეზღუდვების შემოღების საკითხი ოთხშაბათს დანიშნულ საკოორდინაციო საბჭზე იქნება განხილული. შესაბამისად, ახალი გადაწყვეტილებები შესაძლოა ოთხშაბათსვე გამოცხადდეს.

მინისტრის თქმით, საბჭოზე კომპლექსურად განიხილება ის მაჩვენებლები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ხდება, რათა ქვეყანაში სხვადასხვა რეგულაცია დაწესდეს.
„ეპიდვითარება საკმაოდ რთულდება. ამისთვის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შრომითი ინსპექციის მხრიდან გამკაცრებულია მონიტორინგი, ასევე გამკაცრდა დაჯარიმებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან შენარჩუნებული იქნას მსგავსი მიდგომა.

„ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა, რათა ინფექციის გავრცელების დროული შეკავება მოხდეს. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 ათას აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. ხვალ პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდსაბჭო, სადაც განვიხილავთ დამატებით ღონისძიებებს, რომელიც განხორციელდება.

„საბჭოზე განვიხილავთ კომპლექსურად იმ მაჩვენებლებს, რომლებიც ხდება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, რათა ქვეყანაში სხვადასხვა რეგულაცია დაწესდეს. ასევე, საბჭო უქმე დღეებთან დაკავშირებითაც იმსჯელებს. ვიმსჯელებთ, რომელი ორგანიზაციები და რა მიმართულებები განაგრძობენ მუშაობას და რა მიმართულებისთვის იქნება შეზღუდული სამუშაოს გაგრძელება", - განაცხადა ტიკარაძემ.

დაავადებატა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რეზონანსს" დაუტასტურა, რომ ოთხშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ნამდვილად გაიმართება, თუმცა კონკრეტულად რა შეზღუდვებზე იმსჯელებენ და ქვეყანაში აღდგომამდე რა რეგულაციები შეიძლება დაწესდეს, ამ საკითხზე არ უსაუბრია.

„გთხოვთ სამინისტროს მიმართოთ. გიდასტურებთ რომ საკოორდინაციო საბჭო ტარდება ხვალ", - განუცხადა გამყრელიძემ „რეზონანსს".

რა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს აღდგომის დღესასწაულებამდე დაახლოებით ათი დღით ადრე? ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში დიდი ალბათობით, შეზღუდვები რესტორნებს, მასობრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტს შეეხება.

„დარწმუნებული ვარ, რომ სააღდგომო რიტუალების შეზღუდვა ალბათ არ იქნება. დიდი ალბათობით შეიზღუდება რესტორნები, ისევ ფიტნეს კლუბები, მსგავსი ადგილები და ტრანსპორტი. ამ შემთხვევაში ძნელია კონკრეტულად იმის თქმა, თუ რა ღონისძიებები გატარდება, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანების ერთად შეკრების ადგილები მაქსიმალურად შეიზღუდება.

„მოგეხსენებათ, შარშანაც აღდგომებზე ერთი ამბავი იყო - რომ არ უნდა შევიკრიბოთ და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მოხდა და სამწუხარო შედეგიც მოიტანა. ახლა არ ვიცი რა იქნება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება გადაადგილებაზე, ასევე თავშეყრის ადგილებში - რესტორნებსა და კვების ობიექტებზე იქნება მაქსიმალური შეზღუდვა.

„დარწმუნებული ვარ და მგონია, რომ ახლა, როცა ლოქდაუნის გაგრძელებაზეა საუბარი, აღდგომის დღესასწაულებზე კომენდანტი საათს არავითარ შემთხვევაში არ მოხსნიან. პირიქით, შეიძლება ერთი საათით გადმოიწიოს კიდეც. ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი ღამის თევაზე წავა, ეკლესიაში უნდა დარჩეს და გარეთ არ გამოვიდეს", - აცხადებს ხმალაძე.

რაც შეეხება წინასააღდგომოდ საქალაქთაშორისო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხს, ხმალაძე აცხადებს, რომ დიდი ალბათობით მობილობის შემცირების მიზნით ღონისძიებები ამ კუთხითაც გატარდება.

„დარწმუნებული ვარ საქალაქთაშორისო და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ალბათ შეიზღუდება. ღმერთმა ქნას, რომ არა, მაგრამ შარშან ასე იყო. ახლა თუ შეიძლება რომ რამე შეიზღუდოს, ალბათ რაც ჩამოვთვალე, პირველ რიგში ეს უნდა იყოს," - თქვა მან.

ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ დღეს, როცა შემთხვევების მკვეთრი მატებაა, მობილობის შეზღუდვა მნიშვნელოვანია, რათა დაავადების გავრცელება შენელდეს, თუმცა, ამ ღონისძიებების გატარება რა ფორმით მოხდება, ეს საკოორდინაციო საბჭოს წევრების მსჯელობის საგანია.

„სანამ საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, დეტალურად ამაზე საუბარი ალბათ ყველას გაუჭირდება. თუმცა, ახლა მობილობის შეზღუდვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაავადების გავრცელება შეაჩერო. ამიტომ მობილობის შეზღუდვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. მაგრამ ეს რა ფორმით მოხდება და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ამის განხორციელება როგორ მოხდება, ეს უკვე მსჯელობის საკითხია და განხილვის შემდეგ გვეცოდინება.

„პრინციპი ესაა, რომ მობილობის შემცირება მოხდეს, რათა დაავადების მასშტაბები თავიდან ავიცილოთ, ამის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა ბერკეტი არსებობს.

„თეორიულად შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი საკითხი რესტორნების თაობაზეც იყოს, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს, რადგან რესტორნების ბიზნესი ისედაც დაზარალებულია და ამიტომ ამ შემთხვევაში ორივე მხარის ინტერესის გათვალისწინება უნდა მოხდეს. ამის აკრძალვა შესაძლებელია, მაგრამ მაშინ ამ კონკრეტული სეგმენტს სახელწიფომ მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს, რომელიც ამ შეზღუდვების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარეა.

„ერთი დღის დადებითობის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, არაფერს არ წყვეტს, მაგრამ ტენდენცია მატებისკენაა და ეს აისახება როგორც ამ მაჩვენებელზე, ისე სხვა ეპიდემიოლოგიურ ინდიკატორებზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, მდგომარეობა საყურადღებოა და გარკვეული ჩარევების გარეშე დიდი ალბათობაა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს.

„აღდგომა ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია, მაგრამ არსებული მდგომარეობა უნდა გავითვალისწინოთ და თუ სასაფლაოზე მივალთ, ჩვენი პატივისცემა ჩვენი წინაპრების და გარდაცვალებული ადამიანების მიმართ ძალიან მოკრძალებულად გამოვხატოთ და შემდეგ დროულად დავბრუნდეთ, რათა ხალხმრავალი შეკრება არ გამოვიწვიოთ და ამით დაავადების გავრცელების რისკი არ გავზარდოთ," - განაცხადა გოგინავამ.
loading...